среда, 19 ноября 2008 г.

აკაკის მშობლები, ოჯახი და ბავშვობის წლები



აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წელს, 9 (21) ივნისს, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში, საჩხერის რაიონის სოფელ სხვიტორში.

ამ სოფლის შესახებ აკაკი წერდა:

„სოფელი სხვიტორი დაბა საჩხერის ნაწილია და მდებარეობს მდინარე ჩიხურის პირად, გაღმა-გამოღმა გორაკებზე“. ამჟამად სხვიტორი კეთილმოწყობილი სოფელია თავისი შეძლებული კოლექტიური მეურნეობითა და მრავალი კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულებით.

ამ კეკლუც სოფელს დაჰყურებს მაღალ კლდეზე აგებული ძველი ციხე-მოდინახე, რომელიც აკაკის დახასიათებით, „ციხეთ-ციხე, ამაყი ციხეა“, მტრების წინააღმდეგ ქართველი ხალხის გმირული ბრძოლებისა და მრავალი მწარე დროების მოწამე.

აკაკის ძლიერ უყვარდა სოფელ სხვიტორის შუაგულში მიმდინარე გიჟმაჟი ხევის წყალი – ჩიხურა.

ცნობილ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“ პოეტი, როდესაც მამის სასახლეს, თავის ბავშვობას, მშობლიურ მიდამოებსა და იმდროინდელ ცხოვრებას აღწერს, აღნიშნავს: „მიყვარს საზოგადოდ ბავშვი, უგულითადესად პატივსა ვცემ მოხუცებულობას, ღირსეულად ვაფასებ ვაჟკაცობას, მაგრამ გული კი ჭაბუკობისაკენ მიმიწევს და ყველაზე უფრო იმას შეფრქვევით ვეტრფიალები...

ალბათ, ამის მიზეზი უნდა იყოს, რომ წყლებშიაც ყოველგვარ მდინარეს გიჟმაჟი ხევის წყალი მირჩევნია და მათში კი უპირატესობას ერთს მათგანს, ჩიხურას ვაძლევ.. ის იყო ჩემი საკუთარი ემბაზი და ჩემი პირველი სარკე.

სწორედ ამ ჩიხურის პირად, მაღლობზე, სდგას ორსართულიანი ქვითკირის სახლი. ამ უშნო შენობას სიმაღლე პატარა კოშკისა აქვს, სიგრძე – დარბაზისა და სისქე-ციხის, მაგრამ არც ერთ მათგანს კი არა ჰგავს!.. აი, ამ სახლში დავბადებულვარ მე 9 ივნისს, განთიადისას, 1840-ში, თუმცა ნათლობის მოწმობაში 1841 მიწერია“.

შთამომავლობით აკაკი წარჩინებულ ფეოდალთა გვარეულობას ეკუთვნოდა. წერეთლები ცნობილი თავადები იყვნენ. საქართველოს საისტორიო წყაროებსა და მხატვრულ ლიტერატურაში ხშირად გვხვდება ამ გვარის გამოჩენილ პირთა სახელები. წერეთლები განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ XVII-XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდში ისინი იმერეთის სამეფო კარზე განსაკუთრებული პატივისცემით სარგებლობდნენ და სახელმწიფო მართვა- გამგეობის საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. თითქმის ყველა დიდი თანამდებობა სახელმწიფოში მათ ეჭირათ.

ზემო იმერეთში ცნობილია წერეთელთა საჩხერისა და სხვიტორის შტო.

აკაკის მამა, როსტომ როსტომის ძე წერეთელი, სხვიტორელი წერეთლების შთამომავალი იყო.

მამა. აკაკის მამა, როსტომ წერეთელი დაბადებულია 1802 წელს. მას მამა ადრე გარდაცვლია და ამ უბედურების გამო სათანადო სწავლა-განათლება ვერ მიუღია. დედისერთა ობოლი ბავშვი მომეტებულად შინ ყოფილა და ძირითადად შინაური სწავლა-განათლებით დაკმაყოფილებულა.

აკაკის მამა კარგი მოჭადრაკე, საკმაოდ ჭკვიანი, გონებამახვილი და მოსწრებული მოსაუბრე ყოფილა. ეს ნათლად ჩანს პოეტის შემდეგი სიტყვებიდან:

„მამაჩემი... ძლიერი გონების კაცი იყო, მოსწრებული და ენა მჭევრი, თუმცა კი ხშირად ენამწარეც. დედაჩემი იტყოდა ხოლმე: „ამ ჩემ შვილებს მამამისის ენა გამოჰყვათ დახურდავებულიო“. ჩვენ ხუთნი და-ძმანი ვიყავით, ღვთის მადლით, არც ერთს არ გვქონია სუსტი ენა და აქედან შეგვიძლია ვიგულისხმოთ, თუ რა უნდა ყოფილიყო მამაჩემის დაუხურდავებელი ენა? სწორედ სასიამოვნო და საყვარელი სანახავი იყო მამაჩემი, როდესაც გუნებაზე იყო. იმას რომ სწავლა მიეღო და ცხოვრებაში განვითარება ჰქონოდა, შესანიშნავი რამე იქმნებოდა“.

როსტომი ოჯახის საქმეებში არ ერეოდა. მიუხედავად იმისი ახირებულობისა და გულფიცხი ხასიათისა, სასახლეში ის ქალბატონზე უფრო ყვარებიათ. გარეშეებიც დიდი სიყვარულით ექცეოდნენ თურმე როსტომს და „მთავრობაც დიდ პატივსა სცემდა“. 1847 წელს როსტომი დაუნიშნავთ ქუთაისში მთავრობის მიერ დაარსებული „იმერეთისა და გურიის თავადაზნაურობის უფლებათა გამრჩევი კომისიის“ დეპუტატად. ამ კომისიის მრავალ საქმეთა შორის როსტომ წერეთლის ხელმოწერა გვხვდება 1853 წლის 26 ივლისს შედგენილ მოწმობაზე.

დედა.აკაკის დედა, ეკატერინე, იყო ცნობილი ფეოდალის ირაკლი აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძის ასული, ივანე აბაშიძე კი იმერეთის მეფის სოლომონ პირველის (სოლომონ დიდის) ასულის – დარეჯანის შვილი იყო. ეკატერინეს დედა გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია გურიელის ღვიძლი და ყოფილა. ეკატერინე დაბადებულა 1808 წელს. მამამისი, ივანე აბაშიძე, 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყებას მეთაურობდა. ეს აჯანყება იარაღით იქნა ჩახშობილი, რის შემდეგაც ივანე აბაშიძე იმერეთიდან თურქეთში გადახვეწილა. რამდენიმე ხნის შემდეგ ის მოუკლავთ ახალციხეში. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ აბაშიძის ოჯახი სასტიკად დაარბიეს. ამის შესახებ აკაკი წერს: „აჯანყებულები რომ დაიმორჩილეს და დაამშვიდეს... აბაშიძის ოჯახი აიკლეს და იმის ცოლ-შვილიც სხვებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. გურიის უკანასკნელი მთავარი, მამია გურიელი, ღვიძლი ძმა იყო აბაშიძის ცოლის: გამოესარჩლა დასა და დისწულებს, იშუამდგომლა მთავრობასთან და ტყვეები... უკანვე დააბრუნეს გზიდან. მაშინ დედაჩემი იყო 12 წლისა და ყველაფერი გულის ფიცარზე დაებეჭდა“.

ეკატერინეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შვილებისა და, კერძოდ, აკაკის გონივრულ აღზრდაში. იგი არ ანებივრებდა შვილებს ხშირი ალერსითა და ხვევნა-კოცნით. ამის შესახებ აკაკი მოგვითხრობს: „საკვირველი ზნე სჭირდა დედას, თუ არ გამოთხოვების დროს, როცა სადმე დიდი ხნით მივდიოდი, და ხანგრძლივი უნახაობის შემდეგ, ისე არ გვაკოცებდა ბავშვებს, აკაკი თავისი სიცოცხლის მთელ მანძილზე სპეტაკად და სათუთად ატარებდა დედისადმი ღრმა პატივისცემისა და უსაზღვრო სიყვარულის გრძნობას. მას ყოველთვის სწამდა ჭკვიანი დედის გონებამახვილობისა და განათლების ძალა.

აკაკის დები და ძმები. აკაკის მშობლებს ხუთი შვილი ჰყავდათ: ანა, დავითი, იასონი (შინაურობაში-ილიკო), აკაკი და მავრა (შინაურობაში-მატა).

ძიძასთან სავანეში. ძველი ჩვეულების თანახმად, პატარა აკაკი აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს მახლობელ სოფელ სავანეში.

„საწერეთლოში, ზემო იმერეთში, - წერს აკაკი, - ბევრი კარგი სოფელია და მათ რიცხვში ურევია სავანეც, ის სოფელი, სადაც ჩემი ძიძა ცხოვრობდა და მე ვიზრდებოდი. როგორც სათვალთვალოდ, ისე ჰაერის სიკეთითაც ის საუცხოო რამ არის და ამიტომაც დაურქმევიათ „სავანე“, ე.ი. მოსასვენებელი ადგილი. საჩხერეზე შორს არ არის: ჩვენი სახლიდან ნახევარი საათის სასიარულო თუ იქნება“.

ამ კეკლუც სოფელში იზრდებოდა პატარა აკაკი ძიძის, გლეხის ქალის, ფარსადან ყანჩაველის მეუღლის მანო სადუნიშვილის ოჯახში.

გლეხის ოჯახში გაბარებამ უდიდესი როლი შეასრულა მომავალი პოეტის ფიზიკურ, ზნეობრივ აღზრდასა და გონებრივ განვითარებაზე. აქ იგი იზრდებოდა უღარიბესი გლეხის ბავშვებთან ერთად, ისლით გადახურულ უფანჯრო-უსარკმლო ხის სახლში. ხანში შესული პოეტი უტკბესი გრძნობით გადმოგვცემს: „თვალწინ მიდგია ისლით გადახურული ხის სახლი წინა და უკანა კარებით, უფანჯრო-უსარკმლო მხოლოდ ორი საკვამლურით, ანუ საფაფურით, საიდანაც კვამლი გადიოდა და სამაგიეროდ სინათლე შემოდიოდა. შუა კერაზე, მხართეძოზე წამოწოლილი დევივით იდვა დიდი, უზარმაზარი ჯირკვი და გაუსხლეტელად ზამთარ-ზაფხულ ცეცხლი გუზგუზებდა“. სავანეში პატარა აკაკი მთელ დღეებს ატარებდა გლეხებთან ყანებში, ტყეში, საქონლის მოვლაში, სადილ-ვახშმის მზადებასა და სხვა საქმიანობაში და, რაც მთავარია, იგი მთელი ამ საქმიანობის უბრალო მაყურებელი კი არ იყო, არამედ თვითონაც გულმოდგინედ მონაწილეობდა მასში. „ხუთი-ექვსი წლისამ, - მოგვითხრობს აკაკი, - ძალიან კარგად ვიცოდი, თუ როგორ უნდა პირუტყვს ყურისგდება, ფრინველის მოვლა, სადილ-ვახშმის მზადება, გაცრა-გამტკიცვა, გამოცხობა, სხვადასხვაგვარ შეჭამადის მომზადება და სხვანი. შესწავლილი მქონდა, თუ როდის და როგორ უნდოდა: ხვნა-თესვა, თოხნა, მკა, სხვლა და სხვანი“... განსაკუთრებით უყვარდა პატარა აკაკის სამწყემსურში წასვლა: „გათენდებოდა თუ არა, - წერს აკაკი, - უქუდო, ფეხშიშველა გავრბოდი მწყემსებისაკენ და დაღამებამდე იქა ვრჩებოდი“.

მომავალი პოეტი, მინდვრად, გლეხის ბავშვებთან ერთად, დილიდან დაღამებამდე ატარებდა დროს მრავალფეროვან თამაშობასა და სიმღერა-გართობაში.

დიდმა პოეტმა ყმა გლეხის ოჯახში აიდგა ფეხი, ამოიდგა ენა, აქ ჩაეყარა საფუძველი ყველა იმ უაღრესად ნაზ, სპეტაკ და კეთილშობილურ გრძნობას, რომლებითაც აკაკის შემდეგ დაუკავშირდა მშობელ ხალხს, ყმა გლეხობას, მის ბედსა და მომავალს. ამას თვით პოეტიც გრძნობდა და სიამოვნებით აღნიშნავდა: „არ შემიძლია არ გამოვტყდე, რომ, თუ კი რამ დარჩა ჩემში კარგი და კეთილი, უფრო იმის წყალობით, რომ მე სოფელში ვიყავი გაბარებული და გლეხის შვილებთან ერთად ვიზრდებოდი“.

ექვსი-შვიდი წლის აკაკი მშობლებმა მოაშორეს ძიძას და სასახლეში (მამის სახლში) გადმოიყვანეს. ამით დასრულდა გლეხის ოჯახში თავისუფალი აღზრდის წლები. სასახლეში პატარა აკაკის სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დაეწყო. მშობლები შეუდგნენ ბავშვის ბატონკაცურად აღზრდას. ოჯახში მოყვანისთანავე მამამ შვილს მიაძახა: „ეი, სოფლის ბიჭო! შენ ახლა ბატონობა უნდა ისწავლო და ბატონიშვილობას უნდა მიეჩვიო!“ იმავე დღეს სადილზე აკაკიმ, ყმა ბიჭებს შორის, თავის ძიძიშვილს ფარულად ხორცი რომ გადაუგდო, დედამ შენიშნა და, ვითომ სხვათა შორის, მაგრამ ნართაულად უთხრა: მაგის ტოლა ბიჭები, ორი-სამი, ხომ ხედავ, სხვაც არის! ისინი სულ შენი შინაყმები და ვეზირები იქნებიანო.

ასეთ პირობებს სათანადო გავლენა უნდა მოეხდინა პატარა აკაკის აღზრდაზე და ჩაეკლა ბავშვში კეთილი თვისებები, მაგრამ გლეხის ოჯახში მიღებული აღზრდა იმდენად ძლიერი და ძირმაგარი აღმოჩნდა, რომ მისი შერყევა შეუძლებელი შეიქმნა.

აკაკის დედა არ ანებივრებდა, რომ მეტისმეტი ალერსით არ გაეფუჭებინა ბავშვი. ეკატერინე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ბავშვის ფიზიკურ აღზრდას. მომავალ პოეტს არ არიდებდნენ არც სიცივეს, არც სიცხეს, არც გარეთ ღამისთევას და მინდორ-ტყეში ხანგრძლივად ყოფნას; სულ ფეხშიშველა და თავშიშველა დავრბოდით მინდორში,- გადმოგვცემს აკაკი,- არც გაციების გვეშინოდა და არ შიმშილისაო.

აკაკიმ უფროსი დის, ანას ხელმძღვანელობით ადრე შეისწავლა ქართული წერა-კითხვა, რუსული კითხვა კი დედამ ასწავლა.

აკაკი ბავშვობიდანვე ძლიერ გატაცებული იყო წიგნების კითხვით. ყოველ დილას, საუზმის შემდეგ, მიუჯდებოდა ხოლმე წიგნებს და კარგა ხანს კითხულობდა. 8-10 წლის ბავშვს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა გადაკითხული „ვეფხისტყაოსანი“, პროფესორ დავით ჩუბინიშვილის მიერ პეტერბურგში გადმოცემული ქართული ლიტერატურის ქრესტომათია და სხვ. „ვეფხისტყაოსანმა“ იმდენად გაიტაცა პატარა აკაკი, რომ მან თამაშობა დაივიწყა და მთელ დღეებს წიგნების კითხვაში ატარებდა.